დასრულებული

დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ტრენერები ILO-მ გადაამზადა

დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ტრენერები ILO-მ გადაამზადა

        საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ეგიდით  შრომის უსაფრთხოების ტრენერთა  ტრენინგი (TOT)  გაიმართა. კურსის მიზანს წარმოადგენდა დამსაქმებელთა ასოციაციის ამ სფეროს ტრენერებსა და ტრენერობის კანდიდატების დარგობრივი ცოდნის ამაღლება და ეფექტური სწავლების წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები უახლესი საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების შესაბამისად გაუმჯობესება.

           აღნიშნული კურსი, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები უძღვებოდნენ, დისტანციური და პირისპირ სწავლების 2 თვიან პერიოდს მოიცავდა. პროგრამა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 60-ზე მეტ ქვეყანაში გახორციელდა, ხოლო საქართველოში იგი პირველად მიმდინარეობს.

             „მოხარულები ვართ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ხელშეწყობით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ტრენერები საერთაშორისო დონის ტრენერის სტატუსს მოიპოვებენ.  მოგეხსენებათ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოების სფეროში ბიზნეს სექტორისთვის მრავალმხრივი სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციაა, მათ შორის სასწავლო-სატრენინგო მიმართულებით. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კურსი, რომლის შედეგადაც, ერთი მხრივ, ამაღლდება ჩვენ მიერ გახორციელებული ტრენინგების ხარისხი, ეფექტურობა და პრესტიჟი,  მეორე მხრივ, გაიზრდება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ტრენერების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ რეგიონები სატრენინგო მიმართულებით,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

             ტრენერთა ტრენინგს 15 მონაწილე ჰყავდა, რომლებმაც,  კურსის დასრულების შემდეგ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შრომის უსაფრთხოების ტრენერის რეგალიის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს.