დასრულებული

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს შეხვდნენ

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს შეხვდნენ

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა.

„ახალი შრომის კოდექსით ამოქმედებულმა ვალდებულებამ ნამუშევარი საათების აღრიცხვის ე.წ. ტაბელებმა, დამსაქმებლები მორიგი გამოწვევის წინაშე დააყენა, რაც დაკავშირებულია ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების პროცესში თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების სისწორესთან, განახლებასა და უსაფრთხოებასთან. შეხვედრა ბიზნეს სექტორის ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა, ვინაიდან ჩვენი მიზანია, ასოციაციის წევრი კომპანიები კარგად იცნობდნენ საკანონმდებლო აკრძალვებს და იმ რისკებს, რომელიც მათ წინაშე დადგება დავის წარმოშობის შემთხვევაში,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

შეხვედრაზე, რომელსაც 50-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მხრიდან გაკეთდა პრეზენტაცია თემაზე: “შრომით ურთიერთობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები ბიზნესისთვის.”

შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან მოწვეული იყვნენ კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფროსის მოადგილე ბ-ნი არჩილ ჯაველიძე და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი ნინო ქათამაძე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი კონსტრუქციულ თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.