დასრულებული

დამსაქმებელთა ასოციაციაში 80-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი მოიპოვა

დამსაქმებელთა ასოციაციაში 80-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი მოიპოვა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში გადამზადებულ 80-მდე კომპანიის წარმომადგენელს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატები გადაეცათ.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა 130 საათიანი პრაქტიკული და თეორიული მომზადება გაიარეს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების შესაბამისად. ხოლო კურსის დასასრულს მონაწილეებმა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს.

„შრომის უსაფრთხოების საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორისთვის, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ამ ეტაპზე. შესაბამისად, ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორისთვის კონსულტაციების, აუდიტების, კადრების გადამზადებისა და სხვა სერვისების მიწოდებით ცდილობს ბიზნეს სექტორს ხელი შეუწყოს კანონის საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებთან ადაპტირებაში. ამ მიზნით, დამსაქმებელთა ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც სახელმწიფოსგან მოიპოვა უფლება მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამ ეტაპზე სწავლებას ძირითადად მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების ნუსხაში წარმოდგენილი კომპანიების უსაფრთხოების სპეციალისტები გადიან. 2019 წლის სექტემბრიდან კანონის მიხედვით სავალდებულო ხდება ნებისმიერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ კომპანიაში დასაქმებული იყოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, შესაბამისად, გაიზრდება სასერტიფიკაციო პროგრამის გავლის მსურველთა რიცხვი, შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად იგეგმება კურსების ორგანიზება რეგიონებშიც,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

დამსაქმებელთა ასოციაციაში აკრედიტებულ პროგრამას საერთაშორისო გამოცდილების მქონე შრომის უსაფრთხოების ექსპერტები და ტრენერები უძღვებიან.

ამ ეტაპზე პროგრამას 200-ზე მეტი მონაწილე გადის, მათ შორის არიან როგორც კომპანიების წარმომადგენლები, ისე შრომის უსაფრთხოების სპეციალობის დაუფლების მსურველი ფიზიკური პირები.