Finished

ბიზნეს სექტორი შრომის ინსპექტიის ხელმძღვანელს შეხვდა

ბიზნეს სექტორი შრომის ინსპექტიის ხელმძღვანელს შეხვდა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2018 წლის 1 აგვისტოდან გაზრდილი მანდატის ფარგლებში 60-მდე კომპანია შეამოწმა და მათ შორის 3 დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააკეთა.

შრომის ინსპექციასა და ბიზნეს სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე პირობების ინსპექტირების მიმდინარე პროცესების, მთავარი გამოწვევებისა და ხარვეზების შესახებ იმსჯელეს. „საჯარიმო სანქციები მერყეობს 100-დან, 50000 ლარამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდესა და დარღვევის სიმძიმეზე. მონიტორინგის პროცესში ამ ეტაპზე კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაა, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ვიბრაცია, მიკროკლიმატი, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეები“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

შეხვედრის ფარგლებში ბიზნეს სექტორმა წარმოადგინა საკუთარი შეფასებები შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. “ამ ეტაპზე ბიზნესისთვის აქტუალური საკითხია უბედური შემთხვევებისგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის რეგულაცია, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონში არსებული საკითხების დასაზუსტებლად საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ უკვე დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, რათა მთავრობას მივაწოდოთ ბიზნეს სექტორის ხედვა, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს ამ კანონის ამოქმედება იმგვარად, რომ ნაკლებ წნეხს წარმოადგენდეს ის კომპანიებისთვის“, -  აღნიშნავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.

მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს სექტორის მხარდამჭერი ორგანიზაცია, დისკუსიის პროცესში  შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებში გამოვლენილ მთავარ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიმუშავებს კონკრეტულ სერვისებს, რომლებიც ბიზნეს სექტორს მაქსიმალურად გაუმარტივებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად სამუშაო გარემოს მოწყობას, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყონ თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, თავიდან აირიდონ ის ფინანსური სანქციები, რომლებსაც უკვე ამოქმედებული რეგულაციები ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის აქტიური დიალოგის არსებობისთვის სისტემატურად მართავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს.